1 დასასრულსა, ძეთა კორესთათჳს ფსალმუნი
2 ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ჴელნი თქუენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ჴმითა სიხარულისათა.
3 რამეთუ უფალი მაღალ არს და საშინელ და მეუფე დიდ ყოველსა ქუეყანასა ზედა.
4 დაგუამორჩილნა ჩუენ ერნი და წარმართნი ქუეშე ფერჴთა ჩუენთა.
5 გამომირჩია ჩუენ სამკჳდრებელი თჳსი, შუენიერებაჲ იაკობისი, რომელ შეიყუარა.
6 ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ჴმითა საყჳრისათა.
7 უგალობდით ღმერთსა ჩუენსა, უგალობდით; უგალობდით მეუფესა ჩუენსა, უგალობდით.
8 რამეთუ მეუფე არს ყოვლისა ქუეყანისა ღმერთი, უგალობდით მას მეცნიერებით.
9 სუფევს ღმერთი წარმართთა ზედა, ღმერთი ზის საყდარსა მისსა ზედა წმიდასა.
10 მთავარნი ერთანი შეკრბეს ღმრთისა თანა აბრაჰამისა, რამეთუ ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს. |